18.84 °C თბილისი, საქართველო | 2022-09-25  
19:02:49

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით სვანეთში ეკოტურიზმი ვითარდება

By: Admin
2022-09-22 10:28:56
204

სვანეთის ტურის ფარგლებში სოფელ ლახუშდში მოვხვდით, სოფელში, სადაც ყველა მღერის. საქმესთან ერთად სვანები ტურისტული ბიზნესითაც არიან დაკავებული და სტუმრებს ევროპის სხვდასხვა ქვეყნებიდანაც იღებენ.

ნიკოლოზიანების ოჯახი ტურისტულ ბიზნესში რამდენიმე წელია ჩართულია. ოჯახურ ბიზნესში ყველას საქმე გადანაწილებული აქვს. მთავარ აქცენტს კი ეკო ტურიზმზე აკეთებენ და მათ სასტუმროში ჩასულ სტუმრებს სრულად სოფლის ავთენტურ გარემოს სთავაზობენ. 

"აღმოვაჩინეთ ჩვენი ნიშა, აქცენტი ე.წ ეკო მიმართულებაზე გავაკეთეთ. ვინაიდან ყველა პროდუქტს ჩვენ ვაწარმოებთ, გადავწყვიტეთ სტუმრებისთვისაც შეგვეთავაზებინა. გვაქვს მცირე ფერმა, სადაც ხორცის და რძის პროდუქტებს ვაწარმოებთ, გვყავს ფუტკარიც. ყველა საჭირო პროდუქტს, რომელიც ტურისტებისთვის გვჭირდება ყველაფერს ადგილზე ვაწარმოებთ."- გვიყვება დავით ნიკოლოზიანი. 

ბოსტნიდან პირდაპირ მაგიდაზე - ესაა პრინციპი, რითაც ECOHOUSE SVANETI მუშაობს. ბიზნესის გაფართოებაში ნიკოლოზიანების ოჯახს ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დაფინანსებული პროექტი GRETA დაეხმარა. 

დონორების დახმარებით, სასტუმროში ავთენტური ბუნების უკეთ შესაცნობად შემინული ოთახი მოეწყო, რაც აქ ჩასულ სტუმრებს ღია ცის ქვეშ ღამის გატარების იმიტაციას უქმნის. 

გარდა ამისა, ნიკოლოზიანების ოჯახი ECOHOUSE SVANETI-ის სტუმრებს სალაშქრო ტურებსაც სთავაზობს. დავით ნიკოლოზიანმა დონორებისგან მხარაჭერა ამ ნაწილშიც მიიღო. მისი ინიციატივით სოფელთან ახლოს მდებარე ძველი სალაშქრო ბილიკების აღდგენა მოხდა, რომლის აღჭუვლობაც სრულად ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით გადაეცა ახალგაზრდა მეწარმეს. 

"სალაშქრო ბილიკებს სჭირდება მუდმივად მოვლა, ტოტები იზრდება, შეიძლება ბალახი ამოვიდეს, ამ დროს კი საჭიროა აღჭურვილობა, იმისთვის, რომ ბილიკები მუდმივად მოწესრიგებული იყოს. 


ამ პროცესისთვის საჭირო აღჭურვილობა სრულად გადავეცით დათას, იმისთვის, რომ ტურისტებისთვის ახალი სალაშქრო მარშუტები შეეთავაზებინა", - ამბობს ირაკლი კუცია, პროექტ GRETA-ს მენეჯერი მდგრადი სამთრო ტურიზმის მიმართულებით. 

ECOHOUSE SVANETI ერთი-ერთი საუკეთესო მაგალითია ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის სინერგიის, ისეთების როგორებიცაა ტურიზმი და ორგანულის სოფლის მეურნეობა. სწორედ ამ ორ მიმართულებაზე მუშაობს ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დაფინანსებული პროექტი GRETA. 

"პროექტი GRETA, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მიერ, აქცენტს ორ ძირითად კომპონენტზე აკეთებს. ესენია ორგანული სოფლის მეურნეობის და სამთო ტურიზმის განვითარება, ეს ორი მიმართულება კი ამ რეგიონში ერთმანეთთან საუკეთესო თანხვედრაშია", - ამბობს ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი. 

ეკო ტურიზმის განვითარების კვალდაკვალ ნიკოლოზიანების ოჯახმა კარტოფილის წარმოებაც განავითარა. ამ ეტაპზე ოჯახი პირველი მოსავლის მოლოდინშია. როგორც ოჯახის უფროსი გვიყვება, ამინდებმა თუ ხელი შეუწყო, 4-5 ტონა კარტოფილის მოსავალს მიიღებს. 

"ინტერესი გვქონდა გვეწარმოებინა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ეს ჩვენი შეხედულებით ნიშნავს იმას, რომ არანაირ პესტიციდებს და შხამქიმიკატებს არ ვიყენებდით, მაგრამ გვიჭირდა მიწის დამუშავება. ხარებით და გუთნით გვიწევდა მიწის დამუშავება", - ამბობს ფერმერი ლევან ნიკოლოზიანი. 

ადრე თუ ლახუშდში მიწის დამუშავება ხარითა და გუთნით ხდებოდა, პროცესები ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით უფრო გამარტივდა. 

პროექტმა GRETA-მ ადგილობრივი ფერმერები შესაბამისი მანქანა დანადგარებით აღჭურვა, რამაც კარტოფილის მოყვანა ლაშხუდელებისთვის კიდევ უფრო მარტივი გახადა. ასევე, პროცესების უკეთესაც წარმართვის აგრო ოპერაციების ნაწილში ექსპერტებიც ჩაერთნენ. 

"ექსპერტებს ვახმართ მწარმოებლებს და ექსპერტების დახმარებით ისინი იუმჯობესებენ ცოდნას თუ როგორც შეიძლება აწარმოო უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია და უფრო დიდი რაოდენობით", - ამბობს ლაშა ჭანტურია, პროექტ GRETA-ს მენეჯერი ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით. 

ცნობისთვის, პროექტი GRETA, ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რითაც დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ სექტორში ზრდის, როგორიცაა  სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. 

მასალა მომზადებულია BMG-ს მიერ, წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას და არ გამოხატავს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის პოზიციას.

Share