27.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-07-30  
17:52:03

ქართველი ფიზიკური პირები Booking.com-ით ბინის გაქირავებისას დღგ-ით დაიბეგრებიან

By: Admin
2021-07-17 17:23:57
204

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2021 წლის 1 აგვისტოდან, ქართველი ფიზიკური პირებისთვის Booking.com-ზე ბინების გაქირავება გაძვირდება - მათ ყოველ გაქირავებულ ბინაზე, დღგ-ის გადასახადის სახით, დამატებით ,18%-ის გადახდა მოუწევთ. 

ამის შესახებ ინფორმაციას Booking.com-ის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში, დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში შეტანილი ცვლილებების შედეგად, რომელიც ელექტრონულად მიწოდებულ სერვისებს ეხება, 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან, ფიზიკური პირები, პლატფორმის გამოყენებით ბინების გაქირავებისას დამატებით 18%-ით დაიბეგრებიან.

კერძოდ, თუ გამქირავებელი ბინას აქამდე 500 ლარად აქირავებდა, 1-ელი აგვისტოდან 500 ლარის 18%-ის, ანუ 90 ლარის გადახდა უკვე ბიუჯეტში მოუწევს, პლატფორმის საკომისიოზე დამატებით. აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ ეხება იურიდიულ პირებს.

შედეგად, Booking.com-ის პლატფორმა ქართველ გამქირავებლებს ამიერიდან ლეგალური ფორმის დამადასტურებელი დოკუმენტის მიწოდებას მოსთხოვენ, რათა საიტმა ფიზიკური პირები იურიდიულისგან განასხვაოს. როგორც საიტზე იტყობინებიან, ფიზიკურ პირებად დარეგისტრირებულ გამქირავებლებს პლატფორმა თავად ჩამოაჭრის დამატებით 18%-ის გადასახადს, უკვე არსებული საკომისიოს თავზე.

Booking.com-დან ამ შინაარსის მესიჯები უკვე მიიღეს პლატფორმაზე დარეგისტრირებულმა ქართველმა გამქირავებლებმა, თუმცა ოფიციალური განცხადება სამინისტროების ან მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ჯერ არ ყოფილა. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, რატომ გახდა საჭირო ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიის გამო ჩამოშლილი ტურიზმის ფონზე სტუმარმასპინძლობის სექტორში დამატებითი, 18%-იანი გადასახადის შემოღება. 

Share