24.84 °C თბილისი, საქართველო | 2021-06-20  
08:03:12

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 28.3%-ით შემცირდა

By: Admin
2021-06-09 13:52:49
204

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის I კვარტალში 125.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 28.3 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რეინვესტიციის მოცულობის შემცირება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.

„2021 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 88.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება რუსეთი - 31.9 მლნ. აშშ დოლარით (25.4 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი - 24.5 აშშ დოლარით (19.5 პროცენტი).

2021 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 93.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 74.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 35.5 მლნ. აშშ დოლარით (28.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.9 მლნ. აშშ დოლარით (22.2 პროცენტი)“, - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

Share