11 °C თბილისი, საქართველო | 2021-04-15  
01:10:37

კახეთის რეგიონში ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს

By: Admin
2021-04-07 11:18:42
204

ამ ეტაპზე, ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი (წნორის მხარის სოფლები), თელავი და ახმეტა. რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რეგისტრაციის დაწყებაზე მევენახეები ინფორმაციას დამატებით მიიღებენ. რეგისტრაცია შესაძლებელია ზემოთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში განთავსებულ მოქმედ სარეგისტრაციო უბნებზე.

თეთრყურძნიანი და წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებით გაშენებული ყველა ვენახის რეგისტრაცია სავალდებულოა. 2021 წლის რთველის ჩატარება  კადასტრის მონაცემებზე დაყრდნობით იგეგმება. განახლება სავალდებულოა ვენახთან დაკავშირებული ცვლილებების შემთხვევებში - ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა.

ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. პანდემიის გამო, 2020 წელს, პროგრამის საველე სამუშაოები შეჩერებული იყო. მუშაობა მიდიოდა მხოლოდ მონაცემთა სრულყოფისა და განახლების მიმართულებით. 2021 წელს, იგეგმება 26 ათასამდე ჰექტარი ფართობის აეროგადაღებები კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში.

 ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებით, რომელიც შეიცავს ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ. ინფორმაციის შეკრება ხდება საველე პირობებში, მევენახეების გამოკითხვით და აეროფოტოებზე გამოხატული ვენახის ნაკვეთების იდენტიფიკაციით.

ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც განვითარებულია მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრია. საქართველოს ვენახების კადასტრის შექმნა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპული გამოცდილებისკენ.

ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში მიმდინარე წელს იგეგმება.

(NS)

Share