5 °C თბილისი, საქართველო | 2021-03-08  
00:31:56

ინფლაცია, შედეგები და მოლოდინები

By: Admin
2021-01-20 12:50:39
204

ბოლო თვეების განმავლობაში პროდუქტზე ფასების ზრდა სხვა ყველაფერთან ერთად ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოდგენს. ქვეყანაში მიმდინარე პანდემია და მისი თანმდევი მოვლენები ინფლაციის მაჩვენებლის ცვლილებაზეც ახდენდა გავლენას.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასული 6 თვის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი პერიოდულად ხან იზრდებოდა, ხან მცირდებოდა. უფრო კონკრეტულად, ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი -1.4% იყო. ივლისში გასულ თვესთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელმა -0.5%-ს მიაღწია. ზრდის ტენდენცია გაგრძელდა შემდეგი 4 თვის მანძილზე: აგვისტოში ინფლაციამ 0% შეადგინა, სექტემბერში - 0.7%, ოქტომბერში - 0.8%, ნოემბერში კი 0.9%-ს მიაღწია. რაც შეეხება დეკემბერს, ამ თვეში ინფლაციის მაჩვენებელმა -1% შეადგინა.

ინფლაციის თანხმლები მოვლენებისა და შედეგების საკითხი საყურადღებოა ისეთ პერიოდში, როცა ქვეყანაში თითქმის ერთი წელია პანდემიაა და მისი დასრულება შორეულ პერიოდს უკავშირდება.

პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომისტი რამაზ აბესაძე აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში თუ სიტუაცია არ შეიცვალა, შეზღუდვების გამო ერთობლივი მიწოდება შემცირდება. დახმარებების გაწევისა და პენსიების ზრდის გამო ერთობლივი მოთხოვნის ზრდა ნაკლებად შემცირდება, რაც ინფლაციის ზრდას გამოიწვევს.

„თუ ვაქცინაციის პროცესი დადებით შედეგს გამოიღებს, მაშინ წარმოების მოცულობა გაიზრდება და დახმარებების შეწყვეტის გამო, ერთობლივი მოთხოვნა იმდენად არ გაიზრდება, რაც ინფლაციის შემცირებას გამოიწვევს“, - აცხადებს რამაზ აბესაძე.

ეკონომიკის ექსპერტი რამაზ აბესაძე საუბრობს იმაზეც, რომ ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენას ახდენს სავალუტო კურსიც. განვლილ პერიოდს თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ ლარი დოლართან მიმართებაში საკმაოდ არამყარია და ზოგ შემთხვევაში ანტირეკორდებსაც კი ამყარებს.

პროფესორი რამაზ აბესაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კურსზე ხშირად გავლენას ახდენს სპეკულაციური მოქმედებები, საფინანსო ბუშტები, დემპინგი, მთავრობათა არაეკონომიკური ჩარევები და სხვა, რომელთა მოქმედება კანონიერ საქმიანობას არ ეფუძნება.

„თითოეული ასეთი ნეგატიური პროცესი ცალკეული ქვეყნისათვის შესაძლებელია ტრაგედიად იქცეს. სწორედ სავალუტო კურსის ცვლილების გამო გახდა საჭირო ფასების ზრდა ელექტროენერგიაზე, რაც, ბუნებრივია, გამოიწვევს ფასების ზრდას პროდუქციის სხვა სახეობებზეც, მაგრამ ფასების ნახტომისებური ზრდა მოსალოდნელი არ არის“, - აღნიშნა მან.

გარდა უარყოფითი ფაქტორებისა, ეკონომიკის ექსპერტი ინფლაციის დადებით კუთხეზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ინფლაციაზე მხოლოდ უარყოფითი წარმოდგენა არ უნდა შევიქმნათ.

„უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის გადიდება ზომიერ ფარგლებში ეკონომიკურ ზრდაზე დადებით გავლენას ახდენს, ვინაიდან ფასების ზრდა განაპირობებს წარმოების გააქტიურებასა და მიწოდების ზრდას“, - ამბობს ის.

ცხადია ინფლაციის გამო გაზრდილი ფასები პირდაპირ აისახება მოქალაქეთა ყოველდღიურობაზე. პრობლემა განსაკუთრებით მძიმეა იმ ფონზე, როცა ქვეყანაში კვლავ პანდემიას ებრძვიან და მოქალაქეთა დიდი ნაწილი გაურკვეველი ვადით სამსახურის გარეშე დარჩა.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 2.1 პროცენტით გაიზარდა, რაც თვის ინფლაციაზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაზრდილია ბოსტნეული და ბაღჩეულზე (6.5 პროცენტი), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (4.2 პროცენტით), ხილსა და ყურძენზე (3.8 პროცენტით), ზეთსა და ცხიმი (3.5 პროცენტით), თევზეულზე კი (1.9 პროცენტით).

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share