3 °C თბილისი, საქართველო | 2021-01-28  
02:24:59

ჭიათურის მერიამ ინდმეწარმეს 920 ათასი ლარის ტენდერები უკონკურენტოდ მოაგებინა

By: Admin
2021-01-13 15:23:57
204

„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, ჭიათურის მერიამ ინდმეწარმე შიო გაფრინდაშვილსა და მის კომპანიას 920 ათასი ლარის ტენდერები უკონკურენტოდ მოაგებინა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ანგარიშში აღნიშნავს, რომ ჭიათურის მერიამ გაფრინდაშვილს შეთავაზებულზე 350 ათასი ლარით მეტი გადაუხადა.

„შიო გაფრინდაშვილი ჭიათურელი ინდივიდუალური მეწარმეა, რომელიც აქტიურად იღებს ტენდერებში მონაწილეობას ჭიათურის მუნიციპალიტეტში, არა მხოლოდ საკუთარი სახელით, არამედ შპს „ნიუ ბილდინგითაც“, რომლის მფლობელი და დირექტორიც თავად გახლავთ.

შიო გაფრინდაშვილს, როგორც ინდმეწარმეს, მონაწილეობა 84 ტენდერში აქვს მიღებული, ხელშეკრულება 48 ტენდერზე გააფორმა. მოგებული 48 ტენდერიდან 47 ჭიათურის მუნიციპალიტეტში გამოცხადდა, ერთი კი საჩხერის მუნიციპალიტეტში.

გამარჯვებული 48 ტენდერიდან 24 კონკურენტის გარეშე, 12 კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად. მხოლოდ დისკვალიფიკაციით და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერების სახელშეკრულებო თანხა 918,439 ლარია. შიო გაფრინდაშვილის მიერ მოგებული ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო თანხა 1,949,173 ლარია, სახელმწიფოსგან კი უკვე 1,794,129 ლარი მიიღო. რამდენიმე ტენდერი მიმდინარეა და თანხები სრულად არაა გადარიცხული.

აღნიშნული 48 ტენდერიდან 33 შემთხვევაში, გაფრინდაშვილმა ტენდერი მის მიერ შეთავაზებული დაბალი ფასის გამო მოიგო, მაგრამ სახელმწიფო უწყებებმა მას ხელშეკრულება უფრო დიდ თანხაზე გაუფორმეს. ამ 33 ტენდერის შემთხვევაში სახელმწიფომ მა 181,271 ლარით მეტი გადაუხადა, საიდანაც 176,436 ლარის ხელშეკრულება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაზე მოდის.

შიო გაფრინდაშვილის საკუთრებაშია კომპანია შპს „ნიუ ბილდინგი“ (ს/კ 400141226), რომელიც ასევე აქტიურად მონაწილეობს ტენდერებში. „ნიუ ბილდინგმა“ სულ 37 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, აქედან 17 შემთხვევაში ჭიათურის მერიამ მას ხელშეკრულება გაუფორმდა.

უკვე მოგებული 17 ტენდერიდან კომპანიამ 8 კონკურენტის გარეშე მოიგო, 4 კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე. უკონკურენტო ტენდერების საერთო სახელშეკრულებო თანხა 604,394 ლარია, სხვების დისკვალიფიკაციით მოგებულის კი -214,777 ლარი. 17 ტენდერის სახელშეკრულებო თანხა 1,152,684 ლარს შეადგენს, კომპანიის ანგარიშებზე გადარიცხული თანხა ჯერჯერობით 832,303 ლარია.

ისევე როგორც ინდ. მეწარმეობის შემთხვევაში, შიო გაფრინდაშვილის კომპანიაც დაბალი ფასებით იგებს ტენდერებს, ხელშეკრულებებს კი ჭიათურის მერიაში გაცილებით დიდ თანხებზე უფორმებენ. ამ შემთხვევაში 17-ივე ტენდერზე ასეთი რეალობა გვაქვს. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა კომპანიისთვის 175,486 ლარით უფრო მეტ თანხაზე გაეფორმებინა ხელშეკრულება, ვიდრე თავად ამ კომპანიას ჰქონდა შეთავაზებული.

საბოლოოდ, შიო გაფრინდაშვილს და მის შპს „ნიუ ბილდინგს“ ჯამში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ შეთავაზებულ თანხებთან შედარებით 351,922 ლარით უფრო ძვირი ხელშეკრულება გაუფორმა.

შიო გაფრინდაშვილის მოგებული ტენდერების უმეტესობა სარისკოდ არის მიჩნეული ტენდერების მონიტორზე. ასევეა მისი კომპანია „ნიუ ბილდინგიც“. ძირითადი შემსყიდველი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაა, ხშირია ავანსის გაცემა, სწრაფი ფასთა კლება, დაბალი კონკურენცია და სხვა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share