3 °C თბილისი, საქართველო | 2021-01-28  
03:48:38

ფულადი გზავნილების მაჩვენებლის სამ თვიანი კლება

By: Admin
2020-12-25 14:09:51
204

ეკონომიკის ზრდასა და კლებაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ექსპორტი, იმპორტი, საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი და სხვები. ფაქტორებში, რომლებიც ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნასა ან შემცირებას იწვევს, საკმაოდ დიდი ნაწილი უკავია ფულად გზავნილებს.

იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში თითქმის ერთი წელია კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, საყურადღებოა ყველა იმ სექტორს, რომელიც ეკონომიკაზე მოქმედებს. ფულადი გზავნილების მნიშვნელობა განსაკუთრებით სწორედ კრიზისულ პერიოდში იზრდება. მაშინ, როდესაც საქართველოში გაჩერებულია ტურიზმი და სხვა სექტორები, ეკონომიკის ზრდაში შეტანილ მცირე წვლილსაც კი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

თუ გადავხედავთ გასულ პერიოდს, ვნახავთ, რომ სფეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება. ჯერჯერობით ქვეყანა კვლავ ვირუსის გავრცელებას ებრძვის და გარკვეული სექტორები დღემდე გაჩერებულია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქვეყანაში ფულადი გზავნილების ზრდას ეკონომიკის გაჯანსაღებაში ერთ-ერთი დიდი როლი შეაქვს.

პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომისტი რამაზ აბესაძე აცხადებს, რომ ფულადი გზავნილების ზრდას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკის გაჯანსაღების მხრივ, ასევე ისეთ სფეროში დასაქმებულებისთვის, ვისაც პანდემიის გამო შემოსავალი შეუმცირდა.

„ფულადი გზავნილების ზრდას პანდემიის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შეზღუდვების პირობებში მოსახლეობის შემოსავლები მცირდება. საქმე ეხებათ იმ დარგებში დასაქმებულებს, რომელთაც ყველაზე მეტად შეეხო შეზღუდვები (მაგალითად ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს, ხელოვნების მუშაკებს და ა. შ.)“, - აღნიშნავს აბესაძე.

მისივე თქმით, მსგავს კრიზისულ პერიოდში ფულად გზავნილებს „ცეცხლის ჩაქრობის“  მნიშვნელობა აქვს.

აბესაძე საუბრობს იმაზეც, რომ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიღებული შემოსავლების დახმარებით შესაძლოა ადამიანი დანაზოგს აკეთებდნენ და სოციალური დაძაბულობის შემცირებას ხელს უწყობდეს.

„ფულადი გზავნილები ეს არის საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიღებული შემოსავლების ნაწილი. ამიტომ ის შედის ქვეყნის მთლიან ეროვნულ პროდუქტში და შესაბამისად, ეროვნული ეკონომიკის ნაწილიცაა. ამ გზავნილებით მოქალაქეები იკმაყოფილებენ მოთხოვნილებებს მთლიანად ან ნაწილობრივ, ან ახორციელებენ დანაზოგებს და ამით ხელს უწყობენ სოციალური დაძაბულობის შემცირებასა და ეკონომიკურ განვითარებას, ვინაიდან დანაზოგების ზრდა და სოციალური სტაბილურობა ხელს უწყობს ინვესტიციების ზრდას“, - დაამატა აბესაძემ.

გარდა ეკონომიკისა, ფულადი გზავნილები მოქალაქეების კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება. რა თქმა უნდა, იმ პერიოდში, როდესაც პანდემიის გამო ადამიანები სამსახურს კარგავენ, ზოგიერთი მოქალაქისთვის უცხოეთიდან გადმოგზავნილ თანხას შესაძლოა არსებობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფულადმა გზავნილებმა შესაძლოა ვალუტის გამყარებაც კი გამოიწვიოს. მაგალითად ქვეყანაში რაც უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოვა, ნაკლებად შეიქმნება მისი დეფიციტიც, რაც თავისთავად ეროვნული ვალუტის სტაბილურობას განაპირობებს.

„ფულადი გზავნილების ზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. გზავნილების შემცირებას კი საპირისპირო გავლენა აქვს ეკონომიკასა და სოციალურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, ფულადი გზავნილები დიდ გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე, რადგან სავალუტო ბაზარს ეწოდება უცხოური ვალუტა სახით და რაც ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას“, - აღნიშნა მან.

ჩვენი ეროვნული ვალუტის ცვლილებას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ დეკემბრის პირველი ორი კვირის განმავლობაში, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში დიდწილად უფასურდებოდა, გარკვეულ შემთხვევებში კი მყარდებოდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის ნოემბრის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ქვეყანაში მოცემულ პერიოდში ფულადი გზავნილების სტატისტიკის შესახებ. ანგარიშიდან ირკვევა, რომ ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 12.5%-ით, ანუ 18.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.7% მოდიოდა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

სებ-ის ანგარიშის თანახმად, ნოემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა რუსეთიდან ($31 მილიონი), იტალიიდან ($25.3 მილიონი), ამერიკის შეერთებული შტატებიდან ($19.6 მილიონი), საბერძნეთიდან ($18.3 მილიონი), ისრაელიდან ($13.7 მილიონი), უკრაინიდან ($9.5 მილიონი), თურქეთიდან ($9 მილიონი), გერმანიიდან ($7.5 მილიონი), აზერბაიჯანიდან ($5.4 მილიონი) და ესპანეთიდან ($4.1 მილიონი).

ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.1%-ით ნაკლებია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2020 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია, 2020 წლის ბოლო სამი თვეა კლების ტენდენცია ფიქსირდება.

2020 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 192.7  მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ თვეში დაფიქსირდა კლება, კერძოდ, ოქტომბერში ის 181.7  მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა. კლების ტენდენცია შენარჩუნდა ნოემბერშიც, სადაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოგზავნილი თანხა 169.9  მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო სექტორების ნაწილი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას ახდენს, შეჩერებულია ან შეფერხებით მუშაობს, გასულ სამ თვეში ფულადი გზავნილების კლება შესაძლოა ეკონომიკის შემცირებაზე მცირე პროცენტით, თუმცა მაინც აისახოს. ჯერჯერობით უცნობია, შემდეგი თვეების განმავლობაში ფულადი გზავნილების კლება შენარჩუნდება თუ არა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share