9 °C თბილისი, საქართველო | 2020-11-27  
18:12:03

საქართველოში საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი ბოლო 6 თვის განმავლობაში დაახლოებით 182-190 ლარის ფარგლებში მერყეობდა

By: Admin
2020-11-21 09:56:18
204

საარსებო მინიმუმი ესაა შემოსავლის მინიმალური დონე, რომელიც საჭიროა ადამიანის არსებობისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ შესაძლოა ქვეყანაში საარსებო მინიმუმი იზრდებოდეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მასზე გავლენას ახდენს ლარის გაუფასურება და ინფლაცია, შესაძლოა მისი მაჩვენებელი ვერ ასახავდეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.

საქართველოში საარსებო მინიმუმის შესახებ კანონი 1997 წელს მიიღეს და მას შემდეგ ხორციელდება ქვეყანაში მისი განსაზღვრა.

საქართველოში საარსებო მინიმუმის დათვლა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ხორციელდება, რაც შრომისუნარიანი მამაკაცისთვის მინიმალური 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და ჯამში 2 300 კილო კალორიას შეადგენს.

ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში საარსებო მინიმუმში 70% სასურსათო კომპონენტს უკავია, დანარჩენ 30%-ში კი შედის ყველა არასასურსათო პროდუქტი, ტრანსპორტი, კომუნალური გადასახადები და სხვები.

„საარსებო მინიმუმში შედის სურსათი 70%, დანარჩენი 30% არის განკუთვნილი ყველა დანარჩენ ხარჯებზე ეს იქნება ტრანსპორტი, კომუნალური ხარჯები, არასასურსათო საქონელი და ა.შ“, - აღნიშნა არჩვაძემ.

მანვე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 90-იანი წლების შუა ხანებში მაშინ, როცა სახელმწიფო და მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ საარსებო მინიმუმში პროპორცია სასურსათო და არასასურსათო კომპონენტებს შორის ყოფილიყო 70%.

„იმის შემდეგ იმდრონდელი ქვა აღარ დაგორავს დედამიწის ზურგზე, კონსტიტუციაც რამდენჯერმე შევცვალეთ, საგადასახადო კოდექსი არაერთხელ შეიცვალა და ა.შ და ეს პროპორცია ფაქტობრივად ისევ ძალაშია. ყველაზე რეზისტენციული აღმოჩნდა 70%-იანი მაჩვენებელი, თუმცა იყო მცდელობები, რომ მომხდარიყო მისი გადასინჯვა და ეს 70% დასულიყო დაბალ ნიშნულზე, დაახლოებით 50%-ზე, თუმცა მას წარმატებისთვის ჯერ ვერ მიუღწევია”, - განაცხადა მან. 

არჩვაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი უნდა დავწიოთ სულ ცოტა 50%-მდე.

„ინფლაციის გასაანგარიშებელ კალათაში სურსათი წილი სადღაც 30 %-ია. შესაძლებელი ინფლაციაში 30%-იანი წილი გქონდეს და საარსებო კალათაში 70. ეს  საქმეში ჩახედულ ადამიანებში კოგნიტურ დისონანსს იწვევს. რომელიღაც მაჩვენებელი უნდა შევცვალოთ, ალბათ, ისევ საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი უნდა დავწიოთ სულ ცოტა 50%-მდე“, - თქვა არჩვაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდი არის მოძველებული.

 

„გაანგარიშების ეს მეთოდიკა, რომელიც დღეს მოქმედებს მოძველებულია ამის თაობაზე იყო მსჯელობა იყო პარლამენტში საკითხი განხილული, პარლამენტის წევრებისა და სფეროს ექსპერტების მონაწილეობით თუმცა ომ იტყვიან ჯერჯერობით  ყველაფერი უცვლელია და სტატისტიკის სამსახური ისევ ძველი მეთოდიკით ახორციელებს მაჩვენებლების გაანგარიშებას”, - დაამატა მან.

იოსებ არჩვაძის თქმით, უფრო რეალური გაანგარიშების მეთოდი რომ გვქონდეს, საარსებო მინიმუმი არა 190 ლარის, არამედ 400-450  ლარის ფარგლებში იქნებოდა.

„ექსპერტები ამის არგუმენტირებას ახერხებენ, დანარჩენი რომ იტყვიან, ბურთი ხელისუფლებისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოედანზეა და მათ უნდა თქვან საბოლოო სიტყვა”, - აღნიშნა არჩვაძემ.

დავინტერესდით იმითაც, თუ რა გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საარსებო მინიმუმის მაჩვენებელზე.

საქართველოში საარსებო მინიმუმში მთავარი ადგილი სასურსათო კომპონენტს უკავია, საკვებ პროდუქტებზე ფასების მატება საარსებო მინიმუმის ცვლილებაზეც ახდენს გავლენას. ფასების მატება კი თავისთავად დაკავშირებული ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე, ლარის გაუფასურებაზე, საგარეო ვაჭრობაზე, ექსპორტზე იმპორტზე და ა.შ.

ეკონომისტი იოსებ არჩვაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ეკონომიკური მდგომარეობა ლარის კურსზე  და ლარის კურსში მომხდარი ცვლილებები კი საარსებო მინიმუმზე.

„იმის გამო, რომ ჩვენ შიდა სამომხმარებლო ბაზრის დაახლოებით 75% არის იმპორტირებული, ამიტომ თუ ლარის კურსი ეცემა, შესაბამისად, ეს უბიძგებს სამომხმარებლო ფასებს ზრდისკენ”, - დაამატა მან.

საინტერესო იყო ისიც, თუ რა გავლენას ახდენდა საარსებო მინიმუმის ცვლილებაზე ქვეყანაში მიმდინარე პანდემია. პანდემიამ პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს საარსებო მინიმუმის მაჩვენებელზე, თუმცა გავლენას ახდენს იმ სფეროებზე, რომელთანაც უშუალოდაა დაკავშირებული მაჩვენებლის ცვლილება. პირობითად, ადამიანი თუ პანდემიამდე მოიხმარდა 400 გრამ პურს, პანდემიის პერიოდშიც იგივე იქნება ეს რაოდენობა. თუ მხედველობაში მივიღებ იმას, რომ პანდემია გავლენას ახდენს სხვა მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე, მაგალითად ლარის კურსზე, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა მივიღოთ პროდუქტზე ფასების ცვლილება, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს საარსებო მინიმუმის ცვლილებაზეც.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო ექვსი თვის მონაცემებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველოში მისი მაჩვენებელი 2020 წლის მაისში, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში მცირდებოდა, სექტემბერსა და ოქტომბერში კი გაიზარდა.

მაგალითისთვის, საქსტატის მონაცემებით, მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცს ერთი თვის განმავლობაში არსებობისთვის მინიმუმ 189,6 ლარი ესაჭიროებოდა. ივნისში, ივლისსა და აგვისტოში საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ, ივნისში ეს მაჩვენებელი 186,6, ივლისში 183,5, ხოლო აგვისტოში 182,3  ლარს შეადგენდა. სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცს ერთი თვის განმავლობაში არსებობისთვის მინიმუმ 184 ლარი ესაჭიროებოდა. მაჩვენებელი ოქტომბერში 187,7 ლარამდე გაიზარდა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share