23 °C თბილისი, საქართველო | 2020-09-26  
19:34:54

საერთაშორისო IT კომპანია Sweeft Digital-ი GITA-თან თანამშრომლობას იწყებს

By: Admin
2020-09-07 12:49:14
204

საერთაშორისო IT კომპანია Sweeft Digital-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობას იწყებს და სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში ერთვება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, კომპანია Sweeft Digital-ი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეხუთე რაუნდის გამარჯვებულ სტარტაპებში, ინდივიდუალური შერჩევის პრინციპით, პარტნიორობის სანაცვლოდ - IT ტექნოლოგიების მიმართულებით საჭირო სერვისის საფასურის თანაინვესტირებას მოახდენს.

მათივე განცხადებით, Sweeft Digital-ის პროექტი „ერთად წარმატებისკენ“ ინვესტირების უნიკალური რესურსია, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს საგრანტო კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებს, სანდო ბიზნესპარტნიორთან ერთად გაუმარტივოს სტარტაპ იდეების რეალურ პროდუქტად გარდაქმნის პროცესი.

Sweeft Digital-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობის მიზანია საერთაშორისო პოტენციალის მქონე, ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერცალიზაციის გზით ინოვაციებისა და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

მათივე ინფორმაციით, კომპანია Sweeft Digital-ი საქართველოს ბაზარზე 2018 წელს შემოვიდა და წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდთან, IT მიმართულებით: აპლიკაციების დამზადება, ვებ-დეველოპმენტი, დიდი კომპანიების ავტომატიზაციის პროგრამებით და საკუთარი პროფესიონალი კადრით (პროგრამისტებით, დიზაინერებით, ანალიტიკოსებით და ა.შ.) უზრუნველყოფა. აღნიშნული რესურსებით კომპანია ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

(NS)

Share