33 °C თბილისი, საქართველო | 2020-08-09  
14:48:42

„ფრონტერა“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს გამიზნულად მცდარი, ზიანის მომტანი პროპაგანდა

By: Admin
2020-07-29 12:49:22
204

კომპანია „ფრონტერა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 24 ივლისს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მათ გაუგზავნა იურიდიული შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ იგი კვლავ შეეცდება ხელშეკრულების გაუქმებას.

კომპანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ შეაჩეროს გამიზნულად მცდარი, ზიანის მომტანი და არაგულწრფელი პროპაგანდა და ამის ნაცვლად, გულწრფელი დიალოგი აწარმოონ საზოგადოებასთან, აშშ-ს ოფიციალურ პირებთან და თავად კომპანიასთან.

„საქართველოს მთავრობამ მედიასა და აშშ-ს ოფიციალურ პირებს სრული ისტორიის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. მას შემდეგ, რაც პრემიერმა განცხადება გააკეთა, მეორე დღეს, 24 ივლისს, გამოგვიგზავნეს იურიდიული შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ იგი კვლავ შეეცდება ხელშეკრულების გაუქმებას და, მხოლოდ და მხოლოდ, დროებით შეაჩერებს ამ მიზნის განხორციელებას.

მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, რომ შეწყვიტოს ეს მცდარი, ზიანის მომტანი და არაგულწრფელი პროპაგანდა. ნაცვლად ამისა, აუცილებელია გულწრფელი დიალოგი აწარმოონ საზოგადოებასთან, აშშ-ს ოფიციალურ პირებთან. კომპანიასთან უშუალოდ უნდა იმუშაონ, რათა ხელი შეუწყონ პარტნიორობის განვითარებას. გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ჩვენი ხელშეკრულების 27 ივლისს ან სხვა დღეს ცალმხრივად გაუქმების არანაირი საფუძველი არასდროს იყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, კომპანია მოუწოდებს საქართველო მთვრობას, აწარმოოს მათთან მოლაპარაკებები და მისცეს გარანტია, რომ „ფრონტერა“ საქმიანობის გაგრძელებას დაშინებისა და დამატებითი პირობების გარეშე შეძლებს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას საარბიტრაჟო სასამართლოს ბოლოდროინდელი განჩინება, პატივი სცეს ჩვენი ხელშეკრულების პირობებს, აწარმოოს შეხვედრა და მოგვცეს გარანტია, რომ მუშაობის გაგრძელებას დაშინებისა და სხვა პირობების გარეშე შევძლებთ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share