24 °C თბილისი, საქართველო | 2020-06-06  
22:05:32

ჩაის წარმოების ახალი პერსპექტივები საქართველოსა და აზერბაიჯანში

By: Admin
2020-05-22 13:37:11
204

ჩაის მწარმოებლებს საქართველოსა და აზერბაიჯანში აქვთ პერსპექტივა, შექმნან და დაიკავონ საინტერესო ნიშა ჩაის საერთაშორისო ბაზრებზე და  მოხმარებელს მაღალი ხარისხის ორგანული, მწვანე და განსხვავებული ჩაის სახეობები შესთავაზონ - მსგავსი განცხადებები გაკეთდა FAO-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელიც ჩაის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ონლაინ ჩატარდა.

ჩაის ექსპერტებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩაის მრეწველობის  ისტორიაზე ისაუბრეს, რომელიც მე-19 საუკუნიდან იწყება. 1980-იანი წლებისთვის ეს ორი ქვეყანა ამარაგებდა მაშინდელ საბჭოთა კავშირში, ჩაის უდიდესი ნაწილით. ოდესღაც წარმატებული ჩაის წარმოება მკვეთრად დაეცა საბჭოთა სისტემის დაშლის შემდგომ წლებში. ამჟამად, ამ ორი ქვეყნის მთლიანი წარმოება არ აღემატება 1980-იანი წლების წარმოების ორ პროცენტსაც კი. ამავდროულად ქართველი და აზერბაიჯანელი მომხმარებელი ძირითადად იმპორტულ, იაფფასიან ჩაის ირჩევს.   

გასულ წლებში, ჩაის სექტორის ასაღორძინებლად ორივე ქვეყანაში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, ამჟამად უკვე ყურადღება ექცევა ჩაის წარმოების გარემოს და ნატურალურ პროდუქციას. როგორც ღონისძიებაზე გაჟღერდა, სწორი მხარდაჭერის შემთხვევაში, რაც გულისხმობს საჯარო და კერძო ინვესტირებას და ტექნოლოგიის გაზიარებას, ჩაის წარმოება საქართველოში და აზერბაიჯანში შესაძლოა აღდგეს.

ველიდან ჭიქაში

დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში, ჩაის ონლაინ დეგუსტაციას, ჩაის ექსპერტი, ჯონ სნელი უძღვებოდა.

როგორც მან განაცხადა, „ჩაის ბუჩქი საუკუნეზე მეტხანს ცოცხლობს, კარგი მზრუნველობის შედეგად, მისი დაბრუნება წარმოებაში სავსებით შესაძლებელია, რისი მცდელობაც ამჟამად არის საქართველოსა და აზერბაიჯანში“.  

„ორივე ქვეყანაში დარგულია ჩაის ახალი პლანტაციები და უკვე იწარმოება განუმეორებელი ჩაის ფოთლები. ეს ჩვენ გვაბრუნებს ჩინელი აგრონომის, ლაო ჯინ ჯაოს დროში. მისმა ნაწარმოებმა ქართულმა ჩაიმ  პარიზის გამოფენის ოქროს მედალი მოიპოვა 1900 წელს“, - დაამატა სნელმა.

FAO-მ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩაის სექტორი შეისწავლა, იმისთვის რომ პოტენციური ინვესტორებისთვის ჩაის წარმოების პერსპექტივებისა და შესაძლო რისკების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

მოკვლევამ სექტორის შესახებ ნათელი სურათი წარმოადგინა, რაც მოიცავს მოხმარების, წარმოებისა და ვაჭრობის ტენდენციებს. ასევე განისაზღვრა ჩაის სფეროში არსებული პოლიტიკა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები, კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით.

ნაშრომი, რომელიც მალე გამოქვეყნდება, მოიცავს რეკომენდაციებს ორივე ქვეყანაში ჩაის წარმოების გაუმჯობესებისთვის, მათ შორის, ჩაის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო პროცედურებს ველსა და ქარხნებში.

ცნობიერების ამაღლება

ჯონ სნელის მონაცემებით, ორივე ქვეყანაში სათესლე მასალით გამოყვანილი ჩაის ბუჩქების მარაგი საკმარისია ხარისხიანი ჩაის წარმოებისთვის. ექვსთვიანი ძილის პერიოდი ჩაის ბუჩქითვის საკმარისია შესანიშნავი პირველადი და მეორადი ყლორტების დამოსაღებაად. ამ მხრივ, საქართველო და აზერბაიჯანი არ ჩამორჩებიან ინდოეთის ცნობილ დარჯილინგის რეგიონს.

ხანგრძლივი დასვენების პერიოდი, ქვეყნების დაბალ ტენიანობასთან ერთად, იცავს ბუჩქს პარაზიტებისგან, რაც საშუალებას  აძლევს მეჩაიეებს აწარმოონ ორგანული ჩაი და ნაკლებად ინერვიულონ პესტიციდების ნადებზე.

FAO-ს საინვესტიციო ცენტრის დირექტორმა, მოჰამედ მანსურიმ აღნიშნა, რომ ეს შესწავლა მიზანმიმართულია სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვისკენ.

„ჩაის ხარისხის ამაღლება, წარმოების ფასის კლებასთან ერთად, ქართულ და აზერბაიჯანულ ჩაის უფრო კონკურენტუნარიანს გახდის სამშობლოშიც და ქვეყნების გარეთაც. ასევე შეიძლება შეიქმნას საინტერესო პერსპექტივები მცირე ზომის ჩაის მეწარმეებისთვის და გაიხსნას გზა ახალ, მომგებიან ბაზრებზე“, - აღნიშნა მან.

Share