34 °C თბილისი, საქართველო | 2020-08-09  
15:55:53

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები საფრანგეთის VinExpo-ზე მონაწილეობდნენ

By: Admin
2020-07-27 17:17:06
204

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „VinExpo Paris" ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, მსგავს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა უმნიშვნელოვანესია ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და ბაზრების დივერსიფიკაციისთვის.

„ღვინის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას, რომ ქართული ღვინო წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან გამოფენაზე, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და გლობალურ ბაზარზე დასამკვიდრებლად. VinExpo-ზე ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან და მასზე საქართველო 2015 წლიდანაა წარმოდგენილი მსოფლიოს განვითარებული მეღვინეობის ქვეყნების გვერდით", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის მასტერკლასი ცნობილმა ბრიტანელმა ღვინის მწერალმა ენდრიუ ჯეფორდმა ღვინის პროფესიონალებითვის ჩაატარა.

ჯეფორდის თქმით, ქართული ღვინო მისთვის აღმოჩენაა.

"30 წელია მეღვინეობის სფეროში ვმოღვაწეობ. 8-ათასწლიანი ისტორიის მქონე ქართულ ღვინოს 6 წლის წინ გავეცანი და ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა. შესანიშნავია როგორც ქართული ტრადიციული, ისე კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინოები. ქვევრის ღვინო არის ყოველთვის სიახლე, განსხვავებული, მრავალფეროვანი, უნიკალური, რასაც სხვაგან ვერ გასინჯავ. ბედნიერი ვარ რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა გამესინჯა და სხვისთვისაც წარმედგინა ქართული ღვინის უნიკალური გემოები",– აღნიშნა ენდრიუ ჯეფორდმა.

აღნიშნული პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია "ქართული ღვინოს" ორგანიზებით გაიმართა.

 

(NS)

Share